დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება პროგნოზი მომავალში.
„ძალიან ბევრმა ქვეყანამ და დღეს მოყვანილი იქნა სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები,ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა – გუშინ სერბეთში ჩატარდა, კიდევ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარდა, მოგეხსენებათ, ნოემბერში მოდის აშშ-ში არჩევნები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. ხდება ანალიზი საერთაშორისო გამოცდილების.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა წესი და რეკომენდაცია დაიცვან.
„ბოლო მონაცემებით, 908 ინფიცირებულია 26 თებერვლიდან საქართველოში, ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ყველა ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოსახლეობა მოეშვას, პირბადეები არ ატაროს დახურულ სივრცეში, იყოს დიდი თავყრილობები რესტორნებში, კაფეებში, ბარებში და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი არის საფრთხე ინფექციის გავრცელებისა.
შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ. ამიტომ ისი დიდი პროცესი, პოლიტიკური, რომელიც ქვეყანაში მოდის, არჩევნების პროცესი, ყველაფერი უნდა გაკეთედეს და ყველაფერი უნდა დავიცვათ, რომ ერთი მხრივ იყოს დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლება მისი ხმის მიცემასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ დაცული იყოს ადამიანის მეორე მთავარი უფლება, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, რომ ამ პროცესში ხელი არ შევუწყოთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.