ამირან გამყრელიძე-კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მისივე განცხადებით,  კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს . ამირან გამყრელიძე,  კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები.

„ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია. კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ნიღბების ტარება, თავის არიდება დიდი შეკრებებისგან, დისტანცირება. ის ფაქტი, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დღეს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებულია.

„ახალი პაციენტების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში არის 906 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ადრე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ხუთი შემთხვევა დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ, ერთი „ნიუ ჰოსპიტალმა“, ერთი ინფექციურმა და ერთიც – „ნეო ლაბმა“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.