ჰაერის გაუმჯობესების გეგმა – პარლამენტში რუსთავის ეკოლოგიურ პრობლემებზე იმსჯელეს 

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების გეგმა 2022 წლამდეა გაწერილი თუმცა, ღონისძიებები განხორციელდება ეტაპობრივად. ამის შესახებ პარლამენტის ინტერუწყებრივი კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.

“ჰაერის გაუმჯობესების გეგმა 2022 წლამდეა გაწერილი თუმცა, ღონისძიებები განხორციელდება ეტაპობრივად. ხუთ უმსხვილეს საწარმოს უკვე დადგენილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები თუ როგორ უნდა აღჭურვოს საკუთარი საწარმო იმგვარად, რომ მაქსიმალურად შეამცირონ საკუთარი გაფრქვევები. სამ საწარმოზე იმედია, სასამართლო დაადგენს მსგავს მოთხოვნებს.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან შემოვა ზოგადი მოთხოვნები ყველა საწარმოსთვის, რომ უწყვეტი თვითმონიტორიგნი აწარმონ, რაც ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ საწარმოებმა დაიცვან გაფრქვევის ნორმები, მაქსიმალურად შეამცირონ გაფრქვევებიშესაბამისად, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული დადებითი შედეგები.

მომავალი წლისთვის დაგეგმილია ქალაქში კიდევ ერთი სადგურის დამატება, რომელიც ატმოსფერულ ჰაერს გაზომავს. გარდა სადგურის დამატებისა, ჰაერმზომს დაემატება კომპონენტები. მაგალითად, მომავალი წლიდან რუსთავში დაიწყება მძიმე ლითონების (კადრიუმი, დარიშხანი, ნიკელი) გაზომვა”,- განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.