ბრალდებულმა მოქალაქეს მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა-დაკავებულია ერთი პირი

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს, ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი, 400 ლარი წინასწარ გამოართვა“,– აცხადებენ სუს-ში.

დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომელია. ფაქტს ადასტურებს ქუთაისის მერიის ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებაში. მათივე ცნობით,  დაკავებული საბრძოლო დიდების მუზეუმის თანამშრომელია.

 

სუს-ის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.