განახლდება თუ არა 8 ივნისიდან საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა?!

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, 8 ივნისიდან არ განახლდება.

ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.

ამავე დადგენილების თანახმად, ასევე ჩერდება „რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით”.

ასევე, 345-ე დადგენილების თანახმად, დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა.

სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ:

ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე”.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ასევე, გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.