მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა შევინარჩუნოთ.
„დღეს ორი ახალი შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა რვა. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე ცხრა მილიონზე მეტია.
რეალურად ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს, ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით, იზრდება და აქ ჩვენ, გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს, შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.