ეს ოთხი თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ და შეგვიძლია, არსებული კრიზისი ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმით, კრიზისის პერიოდში მიღწეული შედეგი ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„აქ შეუძლებელია, ვინმემ, ცალკე აღებულმა გაიმარჯვოს. აქ ხომ კომპლექსური გამოწვევაა. ასევე, ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია, ასევე საქართველომ, ცალკე აღებულმა დაამარცხოს ვირუსი. ეს წარმოუდგენელია, ისევე, როგორც შეუძლებელია, საქართველომ, ცალკე აღებულმა, დააღწიოს თავი ვირუსისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან. ესეც ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი შრომის შედეგია. ეს არის ის, რასაც მე ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები სწორედ იმიტომ, რომ თვალსაჩინოა და დღეს ჩემთვის გასაგებია სრულად, რომ პოსტ პანდემიური მსოფლიო იქნება სრულიად სხვანაირი. მისი კონკურენტული გარემო იქნება სხვანაირი და საერთოდ, გლობალური კონკურენცია სახელმწიფოთა შორის იქნება სხვანაირი.
ჩვენ დღეს, ქართველებს, იმის გამო, რომ ეს ოთხი თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ – ყველაფერი ხომ შედარებითია, შეგვიძლია, ეს კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და ჩვენი წარმატება მომავალ გლობალურ კონკურენტულ გარემოში ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად, რაც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, ყველას ერთობლივი მისწრაფება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო: 1tv.ge