დაკარგულ 19 წლის ფეხბურთელს მეოთხე დღეა ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეოთხე დღეა, გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არგვისა და მტკვირის ხეობის მონიტორინგი როგორც ცოცხალი ძალით, ისე თერმული დრონით. მუშაობას განაგრძობს საველე შტაბი.

ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი – შვიდი გასაბერი ნავით.

საძიებო პროცესში ჩართულია ორი ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები.