შეიძლება, ჯერჯერობით მემორიალი დაზიანებული არ არის, მაგრამ თუ პრევენციული ღონისძიებები არ გატარდება და ფაქტები გახშირდება, შეიძლება მემორიალიც დაზიანდეს– ასე ეხმაურება tv4-თან ინტერვიუში საყდრისის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე დიდგორის მემორიალზე ავტომობილების დრიფტის კვალს და გზის მიმანიშნებელი ბრინჯაოს არწივებიდან ორის გაქრობას.
დიდგორის მემორიალზე ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით საყდრისის კომიტეტმა განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია ,რომ “საყდრისის კომიტეტი” აღშფოთებას გამოთქვამს ვანდალური ქმედების გამო, მემორიალზე,რომელიც საქართველოში მტერზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს და მოუწოდებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს დროულად აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.
როგორც ნინო ბურჭულაძემ tv4-ს განუცხადა, საჭიროა ,რომ მემორიალზე შესაბამისი აკრძალვის აღმნიშვნელი ბანერები განთავსდეს ან აკრძალვის ბარიერები დაიდგას.
“მოვუწოდებთ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს,რომ დროულად აღკვეთონ ასეთი ფაქტები. შეიძლება მემორიალი არ არის დაზიანებული,თუმცა თუ ფაქტები გახშირდება, შეიძლება მემორიალიც დაზიანდეს. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, უნდა დაიდგას შესაბამისი ბანერები აკრძალვის, სამარცხვინოა ასეთი ბანერების დადგმა, ასე უდიერად არცერთ თავმოყვარე ქვეყანაში არ ექცევიან მემორიალს ან გაკეთდეს აკრძალვის ბარიერები და რაღაცნაირად მოხდეს მემორიალის დაცვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და დროა უკვე, რომ დიდგორი 12 აგვისტოს არ გვახსენდებოდეს და ეს მემორიალი მუდმივად იყოს დაცული.
რაც შეეხება ბრინჯაოს არწივების დაკარგვას, თუ დადასტურდა,რომ ნამდვილად დაკარგულია, მოკვლევა უნდა დაიწყოს პოლიციამ და ჩვენი საჯარო განცხადება ამის საფუძველს ნამდვილად აძლევს”-განაცხადა tv4-თან ნინო ბურჭულაძემ.
“საყდრისის კომიტეტი” განცახდებას,რომელიც გუშინ გავრცელდა უცვლელად გთავაზობთ.