დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1997 წლით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 157 729 ლარის ღირებულების 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ეს მიწის ნაკვეთი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა,” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.