დღეს სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა იხსნება,გაიხსნა ღია ტიპის რესტორნები

დღეიდან უკვე შეძლებთ მაღაზიებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენას. ქვეყანაში ორ თვიანი პაუზის შემდეგ მაღაზიები, ბაზრობები და მოლები იხსნება.

 

 

დღეიდან ღია კაფეები და რესტორნებიც იხსნება. თუმცა იმოქმედებს სპეციალური ნორმები, რომლის დაცვაც ობიექტების მფლობელებსა და მოქალაქეებს ევალებათ.

ყველას ვინც მაღაზიასა თუ კაფეში შევა, უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია.

კაფე-ბარებსა და რესტორნების ასევე მაღაზიების შესასვლელებში მოქალაქეებს დახვდებათ დეზო ბარიერი და ობიექტის მფლობელები ორ საათში ერთხელ ჩაუტარებენ სივრცეს დეზინფექციას.

კიდევ ერთი დეტალი – რესტორნებსა და კაფეებში მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანის ყოფნაა დასაშვები.

საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს წარმოდგენილი „ეკონომიკის გახსნის“ გეგმით, კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესჩერებლად მარტში დახურული დიდი სავაჭრო ცენტრების და ღია კაფეების და რესტორნების ამუშავება 8 ივნისიდან იგეგმებოდა. 27 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ამ ობიექტების ერთი კვირით ადრე გახსნა გადაწყვიტა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გამო.

ამასთან, ბოლო სამი დღეა ისევ მოიმატა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა. 29 მაისს 8 ახალი შემთხვევეა იყო, 30-ში 11 და 31 მაისს 26. წინა რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 3-ს არ აღემატებოდა.

პაციენტებს უკვე ცნობილი „ბოლნისის კლასტერიდან“ და საკარანტინე ზონებიდან დაემატა ახალი, „საბურთალოს კლასტერი“.

„შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა 31 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებენ ნიღბის გამოყენებისა და ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვისკენ.