თეთრიწყაროსა და გარდაბანის მუნიციპალიტეტებში მიწის რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება. 

” პირველ რიგში, მიწის სისტემური რეგისტრაცის ახალი ეტაპი იწყება, შემდგომი ეტაპი, რომელიც შეეხება ხუთი მუნიციპალიტეტის – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 11 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, მოქალაქეებს არანაირი საფასურის გადახდა არ მოუწევთ.

„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რა თქმა უნდა, უფასოდ, საფასურის გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნოებაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეხსენებათ, რომ მთავრობას აქვს უკვე სამწლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, რათა სისტემური რეგისტრაცია ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.