თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი დღეს იხსნება

მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით​-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თეთრიწყაროში ამ დრომდე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა და ბოლო ინფიცირების შემთხვევა 22 მაის დაფიქსირდა.

„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო თეთრიწყაროს რაიონს. მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონში არის საკმაოდ მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გვქონდა 22 მაისს. 22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთ ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს.

ამიტომ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, ადგილობრივებს უნდა მოვუწოდოთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ და დავიცვათ ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.