კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ორი მარნეულისა და ბოლნისის კლასტერებიდანაა

კოვიდინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ორი კი მარნეულისა და ბოლნისის კლასტერებიდანაა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთივის კოვიდისმიმღებ ცენტრებში 132 პაციენტი მკურნალობს

„გამოჯანმრთელებული არის 11. იყო 741, ახლა არის 752. ამ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში.

ახალი დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული,“– განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის მკვიდრს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, რომელიც მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში ბავშვთან ერთად მკურნალობდა. მას კოვიდინფექცია სწორედ ამ კლინიკაში დაუდასტურდა. 

ეპიდემიოლოგებმა ამ ქალბატონის ოჯახის წევრები „კოვიდ19“-ზე გამოიკვლიეს და ვირუსული ინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. სულ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გუშინ სამი ნიმუში გადაგზავნეს და ყველა მათგანის შემთხვევაში კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია.