საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების რისკი.
„ეს უკიდურესად მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური ცხოვრებისთვის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. მარტივად გეტყვით, ეს არის ერთადერთი, საბოლოო შედეგი, რომ მეორე ტალღა თუ იქნება, ჩვენ მსგავსი შეზღუდვები აღარ უნდა დაგვჭირდეს, ეს იქნება გამარჯვება.
ჩვენ რომ ვირუსს ვმართავთ, არ გვაქვს ინფიცირებისა და გარდაცვალების ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სხვა ქვეყნებს, ამის ფასი, ძალიან შემცირდება, თუ კიდევ ერთხელ მოგვიწია მსგავსი შეზღუდვები. ამაში გადავიხადეთ უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ფასი. ჯერ ჩვენ ეს ეკონომიკური ფასი არ გადაგვიხდია. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, რომ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში სრული კარანტინი არ გამოცხადებულა. მაშინაც, როცა ქვეყანაში იყო საგანგებო მდგომარეობა, სისტემური სამრეწველო კომპანიები მუშაობდნენ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი დღით არ გაჩერებულა.
მეტსაც გეტყვით, მარნეული და ბოლნისი როცა ჩაკეტილი იყო, საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობდა, ჩვენი ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებსაც აწარმოებდნენ და პირველი მოსავალი როცა მიიღეს, შევძელით და გამოვიტანეთ. ჩვენ ქვეყანაში შუქი არ ჩაგვიქვრია, არ გაგვიკეთებია ისე, რომ ჩვენი მოქალაქის გარეთ, ქუჩაში გამოსვლა შეგვეზღუდა – მხოლოდ კომენდანტის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე.
ეკონომიკაში ეს ჟანგბადი ჩვენ დავტოვეთ იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდით ბალანსზე. ეს ოქროს შუალედი, ბალანსი არის წარმატების გასაღები. საბოლოო ჯამში, ეს ბალანსი მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც მსოფლიო პანდემიას დაასრულებს და გაიმარჯვებს, საბოლოო შეფასებები იქნება, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის, ვინ რამხელა ეკონომიკური ფასი გადაიხადა. ეს იქნება შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი და მარტივად, ეს იქნება ეფექტურობის მაჩვენებელი, რესურსის მაჩვენებელი პოსტპანდემიურ ეპოქაში და გლობალურ კონკურენციაში, ვინ უფრო მზად იქნება, სწრაფად აღადგინოს მისი ეკონომიკური პოტენციალი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი – როდესაც მსოფლიო შეთანხმდება, რომ დავამარცხეთ პანდემია, რა ფორმაში იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.