მსოფლიოში ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ამას სეზონური ბუნება.
„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს. მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტიურდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს. თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შეიძლება, არც იქნეს მეორე ტალღა.
ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს. მე მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.