პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.