პირბადის სავალდებულო წესით გამოუყენებლობისთვის მოქალაქეები დღეიდან დაჯარიმდებიან

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღეიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილება დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით, იურიდიულად უკვე ამოქმედდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პირბადის ტარების წესთან დაკავშირებიტაც გააკეთა კომენტარი.

“„დამატებით ტვირთად არ არის მოთხოვნილი რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს პირბადე, რომელიც დაფარავს მის სახეს ცხვირიდან ნიკაპამდე, იმისთვის, რომ გავრცელების შეკავება მოხდეს”,- განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით.