შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ა.გ. , „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების – “მაგამედისა” და „ხაკიმის” სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის – თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს – 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი – 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
“დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც “ქურდული სამყაროს” წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც წარედგინა,” – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.