პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა, გიორგი გახარიამ „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ თუ ეპიდემიის დაწყების დროს საქართველოს შეეძლო დღეში ოქროს სტანდარტის 75-100 PCR ტესტირების ჩატარება და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, დღეში ჩავატაროთ 4 000-4500 ტესტი, მეორე ტალღისთვის საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დღეში 10 ათასამდე ასეთი ტესტი ჩაატაროს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრინციპი და მიზანი, რომელიც ჩვენ პირველ ეტაპზე ავირჩიეთ, იყო – იმპორტირებული ვირუსის შეკავება, მეორე ეტაპზე – ადაპტაცია და მესამე ეტაპზე – მართვა.
ამ ეტაპზე, რომელსაც დღეს მართვას ვეძახით, ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა დღეს, ამ პანდემიის დროს, არის შეზღუდული ფინანსური რესურსი და ჩვენი ამოცანაა, ეს შეზღუდული ფინანსური რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად და დროში ეფექტურად გადავუნაწილოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პირველ რიგში სჭირდებათ. იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც თვითდასაქმებული იყო, ვინც სოციალურად დაუცველი 65 000-100 000 ქულას ფარავდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დახმარება განაწილდა 6 თვეზე იმიტომ, რომ იყოს მეტი მდგრადობა და დრო, რომელიც ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოიგო, სწორად იყოს გამოყენებული სამი სისტემის ასაწყობად – ინფიცირების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება.
„ერთადერთი ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა მობილობის დასაგდებად, აღარ მოგვიწიოს, რადგან სოციალურ-ეკონომიკურად საქართველოს უკიდურესად გაუჭირდება კიდევ ერთხელ მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.