პრემიერი-ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში,მაქსიმალურად დავხმარებოდით ბიზნესს

ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში, იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად დავხმარებოდით ბიზნესს, გაგვეუმჯობესებინა ბიზნესგარემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და ყურადღება რამდენიმე კონკრეტულ, მნიშვნელოვან მაგალითზე გაამახვილა.

„ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული და არ გადავალ იმ სფეროში, რომელზეც წინა მოსვლის დროს ვისაუბრეთ. ჩამოვთვლი რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომელსაც აქვს როგორც სტრუქტურული ზემოქმედების ძალა ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე, ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ გადახდისუუნარობის კანონის მიღება, რაც ასევე სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში ბიზნესისთვის, ასევე, მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დავიწყეთ პანდემიამდე – ახალი საინვესტიციო პროგრამები, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სახელმწიფოს მხრიდან. მარტივი თემა იყო, ავიღეთ 100, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კერძო ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება დღეს არის 300 მლნ ლარზე მეტი. ეს მიმართულება იყო როგორც კერძო ქონების ნაწილში, ისე სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში, რომელიც აღვწერეთ ქვეყნის მასშტაბით. დღეს მთავრობას აქვს ვალდებულება და 100 საინვესტიციო პროექტი კერძო ქონებისა და სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში მუდმივადაა წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის საიტებზე, ესენია მუდმივმოქმედი აუქციონები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება და ისინი ასრულებენ, რომ მუდმივად, 100-ზე ნაკლები პროექტის საპრივატიზებო საინვესტიციო სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს შეთავაზებული და გამოტანილი ერთდროულად,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა