საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება.
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად გადაწყვეტილებები მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მიიღება.
ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს. ამასთან, საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.