რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში არსებული N34-ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. ტერიტორიაზე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სამუშაოების შესრულების ხარისხს პირადად გაეცნენ. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი და აღსაზრდელებს სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წელს უკვე მიიღებს.
“ეს ბაღი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო დარჩენილი. თუ გავითვალისწინებთ აქ მაცხოვრებლების რაოდენობას ამ ბაღის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ იყო საჭირო. დასამთავრებელია გარკვეული პროცედურები. იცით რომ შენობის გარკვეულ ნაწილში განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოხუცებულთა მოვლა-პატრონობას ახორციელებს. ასევე, ცხოვრობდა ორი ოჯახი, რომლებიც დაკმაყოფილდნენ დროებითი საცხოვრებელი ფართით და რეაბილიტაცია მოესწრება ალბათ სასწავლო წლის დაწყებამდე,” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის განცხადებით, სამუშაოებს შპს “ანანა” ახორციელებს, რომლის სატენდერო ღირებულება 939 ათას ლარს შეადგენს.
“პროექტის ფარგლებში განხორციელდება აღნიშნული შენობის ერთი ფლიგელის მთლიანი შიდა რემონტი კომუნიკაციების შეცვლა, კარ-ფანჯრების, გარე ფასადის, აგრეთვე, მოპირკეთდება ტერიტორია, მოეწყობა საბავშვო კუთხე, შესაბამისი ასაკობრივი მოთხოვნების შესაბამისი ატრაქციონები. მოეწყობა ღობე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ექსპლუატაციაში შევიდეს აღნიშნული 6 ჯგუფზე გათვლილი ბაღი,” – განაცხადა ზაზა ზაზაძემ.
ბაღის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.