რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით მუმლაძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობდა, ხმაური იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრლადებულს გ.ა-ს სხეულზე თვითდაზიანებები ჰქონდა მიყენებული და მისი ოჯახის წევრები, ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს,თუმცა გ.ა-ს გადაყვანა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა, რასაც ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
Tv4 ბრალდებულის უფლებადამცველს დაუკავშირდა. როგორც გ.ა-ს უფლებადამცველმა ნათია ხვედელიძემ Tv4-ს განუცხადა, ბრალდებულმა წყლის ადუღების დროს,ფეხზე დამწვრობა მიიღო, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაეწია,რის გამოც გ.ა-მ თვითდაზიანებები მიიყენა.
“გუშინ პროცესზე გამოვცხადდით და არ მოვიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი.ბადრაგმა მოიტანა ცნობა,რომ უარს აცხადებდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და არ გვენდობოდა ადვოკატებს, რაც არ დასტურდებოდა მისივე ხელმოწერით.
მოგვივიდა ინფორმაცია,რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის კარგად .ჩვენ თავისთავად დავტოვეთ სხდომა და წავედით ციხეში,როცა შევედით ციხეში ის ამოიყვანეს კასტილებით, ჰქონდა ფეხი დამწვარი. იმის გამო,რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, თვითდაზიანება მიიყენა. ცნობაში კი ეწერა ,რომ ექიმის დახმარების აღმოჩენაზე უარს აცხადებს.”-განაცხადა გ.ა-ს ადვოკატმა.
მისივე ცობით, დღევანდელ სხდომაზე სასწრაფოს ეკიპაჟის გამოძახება საჭირო გახდა, რადგან ბრალდბული თავს შეუძლოდ გრძნობდა,თუმცა მისი სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარა.
გ.ა-ს ადვოკატებმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს.
35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში გასული წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.
მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და მკვლელობის ბრალდებით, 5 პირი, მათ შორის ყოფილი და მოქმედი პოლიციელები დააკავა, დანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ ერთ პირი – ზ.ჯ.-კი მოგვიანებით იქნა დაკავებული.