რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 4 პაციენტის ტესტის პასუხი კოვიდ19-ზე უარყოფითია, ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
პაციენტების ტესტის პასუხი კოვიდ19-ზე ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიიღეს და პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ოთხივე პირმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა და მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
ამ დროისათვის ცხელების ცენტრში 2 პაციენტია მოთავსებული. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ორივე მათგანი რუსთაველია. პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ტესტს კორონავირუსზე დღეს ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე რუსთავის ცხელების ცენტრში ტესტი კოვიდ19-ზე 450-მდე პირს ჩაუტარდა.