რუსთავის ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ19-ზე 5 პაციენტი ელოდება. ამის შესახებ ტვ4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ცენტრში მოთავსებული 1 პაციენტი საეჭვო სიმპტომატიკით საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი 4 რუსთაველია.
როგორც ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ ტვ4-ს განუცხადა, პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს გამოსაკვლევად. პროტოკოლის თანახმად, პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ცნობილია ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული 6 პაციენტის პასუხი კოვიდ19-ზე. ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირები უკვე გაეწერნენ და მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
რუსთავის ცხელების ცენტრში ადგილობრივმა სპეციალისტებმა ტესტი ამ დრომდე კორონავირუსზე 488 პაციენტს აუღეს.