რუსთავში ლითონკონსტრუქციების საწარმო ფართოვდება-დასაქმდება კიდევ 200-მდე ადგილობრივი

  რუსთავში ლითონკონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია შპს “ქონსთრაქშენ სერვისი” წარმოებას აფართოებს.  საწარმოში 200-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

საწარმოში დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა. რუსთავის პირველი პირი, საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა და წარმოების პროცესს გაეცნო. 

როგორც ქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ქონსთრაქშენ სერვისში” 250-300 -მდე ადგილობრივი უკვე დასაქმებულია, ამ ეტაპზე კი ახალი კადრების მოძიება მიმდინარეობს. ირაკლი ტაბაღუამ კომპანიის მრავალპროფილურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების მაღალი კვალიფიკაციიდან გამომდინარე,  ლითონკონსტრუქციების წარმოება მაღალ დონეზე მიმდინარეობს. 

როგორც საწარმოს ხელმძღვანელობა აღნიშნავს, ახალი საწარმოს აშენება კომპანიის წარმადობას ლითონის კონსტრუქციების მიმართულებით, სამჯერ გაზრდის,რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას გულისხმობს.

 

ლითონკონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია შპს “ქონსთრაქშენ სერვისი” ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და რკინა -ბეტონის კოჭების წარმოების გარდა ,არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებასაც ეწევა. ქარხანამ პირველი პროდუქცია 2014 წელს გამოუშვა. საწარმოს ინვესტირება  პროგრამის – “აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით მოხდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზება ხდება ქვეყნის მასშტაბით. ქარხანა, ამ ეტაპზე წელიწადში 6000 ტონა  პროდუქციას აწარმოებს.  საწარმოში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა და მკაცრად კონტროლდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია.