რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ახალი შენობა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გახსნა. 

უწყების ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში კრიმინალური პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმუშავებს. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. პოლიციის ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა. სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაურმა მათ მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.