ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რუსთავისთვის გადმოსაცემად 40 ავტობუსი უკვე შეისყიდა– აქტუალური ხდება საკითხი,თუ რა ლოკაციები განისაზღვრება ავტობუსების ქალაქიდან გასვლისა და შემოსვლისთვის.
სამოქალაქო აქტივისტებმა ამის შესახებ კითხვა, 25 ივნისს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მუნიციპალურ პრობლემებზე შქმნილი ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც დასვეს.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ლოკაციები მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს და ეს თბილისთანაც უნდა შეჯერდეს.
“ტრანსპორტს და ლოკაციებს რაც შეეხება, ყოველთვის იყო საუბარი,რომ მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა საშუალება განესაზღვრა,საიდან უნდა გასულიყო ეს ავტობუსები, რადგან რაოდენობა საკმარისი არ იყო და რუსთავი-თბილისის მარშუტის განსაზღვრა თბილისთან ერთად უნდა შეჯერდეს, რადგან მუნიციპალიტეტსაც ექნება შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება, საიდან უნდა გავიდეს ტრანსპორტი და თბილისში სად უნდა გაჩერდეს,ეს უფრო მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა და გვექნება კომუნიკაცია მუნიციპალიტეტთან”- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე
საკითხთან დაკავშირებით Tv4-მა კითხვა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაუსვა.
“ამაზე იყო წარმოდგენილი 3 ლოტი, რაზეც ჩვენ დავუჭირეთ მხარი ე.წ. დაგის მიმდებარე ტერიტორიას, საიდანაც უნდა მოხდეს რუსთავიდან ვთქვათ, ამ ტრანსპორტის გადაადგილება. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ამაზე გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა და სამოქალაქო სექტორიც იყო ჩართული. მივიღეთ გადაწყვეტილება ,რომ სწორედ ,ამ დაგის მიმდებარე ტერიტორიიდან გავიდნენ ავტობუსები. შემდეგში უკვე პრაქტიკა გვიჩვენებს და თუ იქნება საჭირო ,რომ სხვა ტერიტორია იყოს და ვთქვათ, დაემატოს ან პირიქით შეიცვალოს ლოკაცია, ამას შევხედავთ ჩვენ და მივიღებთ ,რა თქმა უნდა ,ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.”-განაცხადა რუსთავი საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა.