საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით დღევანდელ სხდომაზე განიხილავს

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

ამასთანავე, ცვლილებებით, 5 000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება ყველა კვალიფიციური პარტია; ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო; ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.  ინფორმაციისტვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს” წევრები.