სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა და კონკრეტული ინსტრუქციებიც გაიწერა.
კერძოდ, როგორც “საქართველოს რკინიგზაში” განმარტავენ, ვაგონის შესასვლელებში მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, ხოლო მატარებელში შესვლისთანავე ისინი დეზობარიერს გაივლიან. აღსანიშნავია, რომ მატარებელში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.
“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ აუცილებელია მგზავრებმა სოციალური დისტანცია დაიცვან და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადნენ გასამგზავრებლად.
მათივე ცნობით, სავენტილაციო სისტემები შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს და დადეს დასკვნა, რომ სისტემა ჰაერს იღებს გარედან, ხდება ამ ჰაერის ფილტრაცია და ყველა მიკრობის განადგურება. შესაბამისად, მატარებლით მგზავრობა იქნება უსაფრთხო.
რაც შეეხება სამგზავრო ბილეთის ფასს – “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე არ განიხილება.