საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 800-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირების 800 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან, ერთი ე.წ საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი სატვირთო ავტომობილის უცხოელი მძღოლია.

“ოთხი შემთხვევა დაგვემატა. ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან. სამი ტრაილერის მძღოლია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს, მათგან 634 გამოჯანმრთელდა, 13 კი – გარდაიცვალა.