საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა. ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 837 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და სულ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 697 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კომპენტარი გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

„ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე ტალღა უნდა იყოს შემოდგომაზე. ახლა ლაპარაკია, მოხდება თუ არა ჩვენთან მიღებული შედეგების შენარჩუნება. იმედი გვაქვს, მოხდება, რადგან ერთნიშნა ციფრები არ არის სგანაგაშო მაჩვენებელი, ერთნიშნა ციფრების მოვლა თავისუფლად შეიძლება.

ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილიზაცია, არ უნდა გაუარესდეს ვითარება. იმის იმედი გვაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, რომელიც აქამდე ფანტასტიური იყო, ასევე გაგრძელდება და წყაროები მოძიებული იქნება. თუ წყარო ცნობილია, ყველა მათი კონტაქტი გამოკვლეული იქნება და ამ სიტუაციას გადავლახავთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა კვლავ გამკაცრდეს რეგულაციები, ეზუგბაია ამბობს, რომ ამის შესახებ შესაბამისი პირები იმსჯელებენ.

„რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვარ, ექსპერტები არსებობენ, დასხდებიან, განიხილავენ სიტუაციას, თუ ჩათვლიან, რომ ეს სიტუაცია კვლავ მოითხოვს რეგულაციების გამკაცრებას, ალბათ გამკაცრდება. მე შემიძლია გამოვხატო სურვილი, რომ მოხდეს ქვეყანაში მიღებული სტაბილზიაციის შენარჩუნება. ამისთვის აუცილებელია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა. რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, თვითშეზღუდვები არ უნდა შევასუსტოთ. მოვერიდოთ უსაგნო თავშეყრებს აუცილებელი საქმის გარდა, რამდენიმე ადამიანის შეკრებას, ან თუ შევიკრიბებით, უნდა იყოს დაცული რეგულაციები. 10-ზე მეტი კაცი რომ შეიკრიბება, უნდა ეკეთოთ პირბადე“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 303 პირი.