საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 888 შემთხვევა.რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი შვიდით გაიზარდა და ამჟამად 731-ს შეადგენს.
Update: კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 2 უკვე ინფიცირებულთან კონტაქტია, 6 საკარანტინო სივრციდან არის, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინდელი მონაცემებით, 879 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 9 ახალი და არის 888. გამოჯანმრთელებულია კიდევ 7 პაციენტი, ამ დროისთვის ჯამში 731. ამ მონაცემების შეჯერებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 2 გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 6 საკარანტინო სივრციდან, ყველა შემოტანილი შემთხვევაა. აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიებაც გრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ინფექციურში მყოფ პაციენტებს, მან აღნიშნა, რომ ერთი მათგანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დანარჩენების კი, საშუალო და მსუბუქი.
„რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს. ეს 7 გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრიდან არის. მათ გუშინ დატოვეს ჩვენი ცენტრი და დღეის მდგომარეობით გვყავს 28 დადასტურებული პაციენტი. 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან. ორივე არის შემოტანილი, ერთი რუსეთიდან მეორე სომხეთიდან. ამ ორი ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალო სიმძიმის არის. ვნახოთ, გაფართოებული კვლევებით და დაავადების მიმდინარეობით მათი მდგომარეობა როგორ შეფასდება მომდევნო დღეებში. ჩვენ გვყავს ისევ ერთი მძიმე ავადმყოფი, რომლის მდგომარეობაც, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მკვეთრად გაუმჯობესდა, მაგრამ რადგან ჯერჯერობით მძიმე პნევმონია გვრჩება, მძიმე პაციენტად განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.