საქართველოში კორონავირუსს მე-15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსისაგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.  ქვეყანაში კორონავირუსს სულ 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.  Tv4-ის ინფორმაციით, მამაკაცი მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში რუსთავის საკარანტინო სივრციდან , კერძოდ “გრანდ ვეჯინიდა” გადაიყვანეს. კორონავირუსი დაუდასტურდა, მის 84 წლის ცოლსაც. ცოლ-ქმარი მცხეთის კლინიკაში რამდენიმე დღე მკურნალობდნენ. 

რაც შეეხება გარდაცვლილ მამაკაცს, ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. 

„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12 საათსა და 40 წუთზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 924 შემთხვევაა დადასტურებული.

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 819 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 230 პირი.