სოფელ მუშევანის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება. მუშევანის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, დღეს ეპიდემიოლოგები PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 50-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიურ ნიმუშს აიღებენ. აღებული ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, სოფელ მუშევანისთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამ დროისთვის სოფელში COVID19-ის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.