ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით, დღეს ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან ნიკოლოზ ვასაძესთან და ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან გია ყიფინთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ბოლნისის სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, ზაფხულში ქალაქ ბოლნისის გარკვეულ ქუჩებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ პერიოდში გაზრდილია წყლის მოხმარებაც, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
“შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა წარადგინეს. გეგმის ფარგლებში, 200 გრძივ მეტრზე, 160 მმ დიამეტრის მილი განთავსდება. დამატებითი ქსელი წყლის მოცულობის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც პრობლემური უბნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შესაძლებელს გახდის.
დეპუტატმა, მერმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ბოლნისში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარები მოინახულეს, შემდგომ კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, წმინდა ნინოსა დ იაკობ ხუცესის ქუჩების მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.
ნიკოლოზ ვასაძე მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უმოკლეს დროში დაჰპირდა. მისი განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ ქუჩებზე 20 ივნისს მოგვარდება, მანამდე კი კომპანიის წარმომადგენლები სასმელ წყალს მოქალაქეებს სპეციალური წყალმზიდებით მიაწოდებენ,” – აღნიშნულია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში”
შეხვედრაზე დღეს წარმოდგენილი გეგმის შესრულების მონიტორინგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის თთვითმმართველობა განახორციელებს.