შემოწმების შედეგად ქვემო ქართლში 9 სასტუმრომ მუშაობის ნებართვა ვერ მიიღო

დღევანდელი მონაცემებით, 25 სასტუმრო არის დარეგისტრირებული ქვემო ქართლის რეგიონიდან, საიდანაც დადებითი პასუხი მიიღო 6 სასტუმრომ, უარყოფითი პასუხი აქვს 9 სასტუმროს. ამის შესახებ  TV4-ს  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენელმა ლევან აბაშიძემ განუცხადა.

“დაახლოებით 2 კვირაა ძალიან აქტიურად ვაწარმოებთ სასტუმროს შემოწმებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაახლოებით 1000-მდე სასტუმროზე მოხდა რეაგირება ამ დროის განმავლობაში. დღევანდელი მონაცემებით 262 სასტუმრო აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მათ უკვე მიეცათ უფლება, რომ გააგრძელონ ოპერირება. 

სამწუხაროდ, 229 სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი მოთხოვნები და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ხელმეორედ გაიარონ რეგისტრაცია. მათ უკვე იციან ის პრობლემები რაც აქვთ და შეუძლიათ, რომ გამოასწორონ. დარეგისტრირებიდან მეორე დღეს ვახდენთ შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხეება ქვემო ქართლის მონაცემებს, როგორც გამოიკვეთა დარეგისტრირებული სასტუმროების დიდი მონაცემები არ არის. დღევანდელი მონაცემებით, 25 სასტუმრო არის დარეგისტრირებული ქვემო ქართლის რეგიონიდან, საიდანაც დადებითი პასუხი მიიღო 6 სასტუმრომ, უარყოფითი პასუხი აქვს 9 სასტუმროს. დანარჩენები შემოწმების პროცესში არიან ან მზად არ იყვნენ და გვთხოვეს, რომ მოგვიანებით მოგვეხდინა მათი შემოწმება”,- აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

მისივე თქმით, სტატისტიკურად სასტუმროების ნებართვის გაცემაზე დადებითი პასუხი უარყოფით შედეგებს აჭარბებს და მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ სასტუმროებმა, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა მიიღეს, მუშაობა 8 ივნისიდან განაახლეს.