შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტილია.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით განმარტა,მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს აქვთ შემოსვლის უფლება და მათთან ერთად, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
„ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს საზღვრები გახსნილია. აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთზე, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდიან ავტომობილებით. მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, როდესაც შემოდის ჩვენი მოქალაქე, ყველა მათგანი ორკვირიან კარანტინში მიდის, ასევე ესენი უმეტესად არიან ორმაგი მოქალაქეები ანუ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე საქართველოს მოქალაქეების შვილები ან მეუღლეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ – ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი უკან გავაბრუნოთ. თუ მშობელი ორმაგი მოქალაქეა, შვილს სხვა ქვეყანაში ვერ დავტოვებთ. ამიტომ ხდება ეს, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომ რუსული ნომრებით დადიან მანქანები და რუსეთის მოქალაქებები. ასევე, რუსეთის ბევრი მოქალაქეა საქართველოში ისეთი, ვინც კორონავირუსის დროს არ წავიდა და დარჩა საქართველოში, ისინი ლეგალურად არიან და მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან,“ – განაცხადა გომელაურმა.
დღესვე საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განმარტება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ იქნება ცნობილი.
„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლება და მთავრობას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთაზე, ეს იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამას მოყვება შესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული ბრიუსელში. ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.