შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინის სამი მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. ისინი თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.