“საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული რისკების ქვეშ დააყენა ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული კომპონენტები”

მთავრობის ყველა ნაბიჯი Covid-19-თან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ  მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულების შემდგომ განვითარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პროცესების გაუმჯობესებას.

„საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული რისკების ქვეშ დააყენა ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული კომპონენტები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ. მოგეხსენებათ, ჩვენი ყველა ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი. ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი – ადამიანის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ აღორძინებასა და ადამიანის უფლებების სტანდარტის შენარჩუნებას შორის, დაწყებული უმცირესობებისათვის თავიანთ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით, დამთავრებული საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. იმ ფორმატებში, რომლებიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი საბჭოს და შტაბის ფორმით, ყოველდღიურად, მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას ვუზიარებდით ინფორმაციას, როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ასევე იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებობდა.  მზად ვართ, იქ, სადაც კრიტიკის აუცილებლობაა, შენიშვნები მივიღოთ, იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები დავსახოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.