14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

საქართველოში 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 2003 წლიდან აღინიშნება.

ამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ მოუწოდებენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა:

„გილოცავთ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ვირუსმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია, ახორციელებენ პროექტებს შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა, თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა, თუ წარუმატებლობის ისტორიები. კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც, რათა თავად აღმოაჩინონ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები“,– განაცხადა შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის კონსულტანტმა სიმონ პეტრიდისმა.

შშმ პირთა ისტორიების კონკურსში ექვსი გამარჯვებული გამოვლინდება. განაცხადების მიღება დღეიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულები, სიმბოლურად, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გააკეთა.

ომბუდსმენმა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, რომ პანდემიის პირობებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით უზრუნველყონ მათთვის რეაბილიტაციის სერვისებისა და მკურნალობის უწყვეტობა.

“ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვების ფონზე. რადგანაც კარანტინის და იზოლაციის რეჟიმი უარყოფითად აისახება სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებზე, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მათ,” – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.