მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ის გამოკითხვაზე არ დაუბარებია. ჟურნალისტებმა მას სუს-ის მიერ კახეთსა და ქვემო ქართლში დისკრიმინაციის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე ჰკითხეს.
“სუს-მა თუ დაიწყო გამოძიება, მე არ ვიცი… …რა თქმა უნდა, არ ვიყავი დაბარებული.…მე ვარ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი. 3 დღე წარმოებდა კამპანია, რომ ეკლესია ჩემი სახით წარმოეჩინათ, თითქოს რასისტები, შოვინისტები ვართ და სხვა ეთნოსების დისკრიმინაციას ვახდენთ. ეს არის სიცრუე”, – აღნიშნა მან და გამორიცხა, რომ მარნეულში ნარიმან ნარიმანვის ძეგლის გარშემო მის მიერ გახმიანებული განცხადებები ეთნიკური აზერბაიჯანელების დისკრიმინაციისკენ იყო მიმართული.
დღესვე ის ნარიმანოვის მაგივრად ერეკლე მეორისა და ხუდია ბორჩალოელის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა. ჟურნალისტების კითხვაზე, მისი ეს ინიციატივა ხომ არ უკავშირდება სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს, რადგან ის თავდაპირველად მხოლოდ ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვდა უპირობოდ, ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მას არავისი ეშინია.
სუს-მა 30 მაისს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ და აღნიშნულზე გამოძიებაც მიმდინარეობს.







