ჯანდაცვის მინისტრი – ვპირდები მოქალაქეებს, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული

ჯანდაცვის სისტემის ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ პირველი ტალღა ვმართეთ და დღეს ამაყად ვდგავართ საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, მოკლედ შევაჯამო ის ერთი წელი და განსაკუთრებით კი ის ხუთი თვე, რთული ხუთი თვე, რომელიც ჩვენ კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ გვქონდა და ამ ეტაპზე ნამდვილად გვაქვს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ გვქონდეს იმედი, რომ ჩვენ წარმატებულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას.

ჩემთვის კი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სისტემური მიდგომა და კოორდინაცია, რათა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ერთობლივად, უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან, რათა ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს ჰქონოდა უზრუნველყოფილი ყველა საჭირო აღჭურვილობა მათი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ასევე, თითოეული პაციენტის დროული იდენტიფიცირება, მათი ლოკალიზება და შემდეგ სწორი და უსაფრთხო გადაადგილება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე. ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევა და პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ცნობით, 2020 წელს 2 500-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრისი გადაეცემა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია გადაცემული სახლ-კარის რაოდენობა, რომელიც ჩვენს დევნილ მოსახლეებს გადაეცათ და 21 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და ჩვენ 1 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1000-მდე ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი სახლი. ასევე, 2020 წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი გეგმები და ეს გეგმები არის, რომ 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.