16 რესტორანი ,რეკომენდაციების დაუცველობის გამო,10 000 ლარით დაჯარიმდა

16 რესტორანი, რომელიც 10 000 ლარით დაჯარიმდა, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შედგენილ რეკომენდაციებს არ იცავდა, რითიც მოქალაქეების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგებოდა,-ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა. 

მისი თქმით, შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ნორმები 16-მა ვერ დააკმაყოფილა და ჯამში 160 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა. 

”  სოციალური ქსელების მეშვეობით ნახეთ ის კადრები, რომელიც ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტთან კვების ობიექტებზე ფიქსირდებოდა. ეს იყო სტანდარტების და თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. სწორედ ამიტომ პარასკევს და შაბათს განხორციელდა ინსპექტირება ასეთი ტიპის ობიექტებზე. ჯამში შემოწმდა 26 კომპანია, რომელთაგან 16-მა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 10 კი სრულად აკმაყოფილებდა. შესაბამისად, თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ჯამში საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 160 000 ლარი. 

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ჩვენი სამსახურის ან სახელმწიფოს თვითმიზანი, რომ სანქცირება გამოვიყენოთ, მანამ სანამ მოხდებოდა გეგმიური ინსპექტირება, ჩვენ განვახორციელეთ სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, თუმცა ჩვენ გავხდით უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ გამოგვეყენებინა სანქცირება და ამით მოგვეხდინა პრევენცია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ . 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიზნესსუბიექტებზე ჯარიმის გაწერის 2 მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება

„აზრს კარგავს ყველანაირი რეგულაცია და ძალისხმევა, თუ საზოგადოებას და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე. ეს ნაბიჯი გადავდგით იმიტომ, რომ პირველი – მომხდარიყო პრევენცია და მეორე – კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც იცავს იმ სტანდარტებს სარესტორნე ბიზნესში – 6 ადამიანზე მეტს არ განათავსებს მაგიდასთან და ა.შ.- იყო არაკონკურენტულ გარემოში, ვინაიდან ერთი იცავს და მეორე- არა. რეალურად ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი და ინსპექტირებები გაგრძელდება. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ მეწარმეს დაიცვან ის ფუნდამენტური რეგულაციები, რომელიც არის აუციელებელი და უნდა მოხდეს მაქსიმალური პრევენცია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.