5 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან (+ფოტო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. 

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„2015 წლის 13 ივნისიდან 5 წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერე ადიდდა, ბეთანიის გზაზე წარმოიქმნა მძლავრი მეწყერი, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია. დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. 

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. უსახლკაროდ კი რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.