დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა ჩატარდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მუშევანში მთლიანად გამოკვლეულია 1 135 ნიმუში, საიდანაც 75 არის დადებითი.
„მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის კლასტერი. ყველაზე ცხელი წერტილი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი, ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნიასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში ჩვენ 1 135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული, 75-ია დადებითი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამკურნალოდ ცენტრებში. ამავე დროს დაახლოებით 60-მდე ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. სოფელ მუშევანში გამოვიკვლიეთ 750 ადამიანი, რაც არის სოფლის მთლიანი მოსახლეობა. ეს 1 135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებით ჩავატარეთ ტესტები. ჩვენ პარასკევს ძალიან ორგანიზებულად, ცხრა ბრიგადით ვიმუშავეთ მუშევანში. რვა იყო ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ერთი გახლდათ ადგილობრივი. ერთ დღეში გამოვიკვლიეთ 574 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან 19 აღმოჩნდა დადებითი. კლინიკური მდგომარეობა ყველასი არის დამაკმაყოფილებელი, ზოგიერთები უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან გამოჯანმრთელების შემდგომ კარანტინში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.