ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა და ჩვენ, ყოველდღიურად, მუდმივად უნდა დავხვეწოთ ის მექანიზმები, რომლებსაც კორუფციასთან ბრძოლისთვის ვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას. მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში 1-ლი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში 44-ე ადგილზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს, ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ იმ მიმართულებით, რომ გვესმის, გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლა და ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა, ეს ჩვენი მუდმივი ამოცანაა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.