თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტურიზმის აღდგენა საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება.
მისი თქმით, საქართველომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი წარმატებით გაიარა, ამიტომ ახლა მთავარ გამოცდას ქვეყნისთვის ტურისტული სეზონის განახლება წარმოადგენს.
„ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას წარმოადგენს და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ოქროს შუალედის პოვნა ისე, რომ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი არ დაუკარგოს და ამავდროულად საკმარისი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების იმპორტირების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს.
შეგახსენებთ, შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან აღდგება, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას დაიწყებს.
წყარო: imedinews.ge