მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს. 

ახალგაზრდა მამაკაცს ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში მიაკვლიეს. მათი ინფორმაციით, ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მას სტაციონარში გადაიყვანენ.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით კი იმერეთის სამმართველოს მაშველები ეხმარებოდნენ.